შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით: “უმრავლეს რეგიონებსა და დასაქმების ადგილების უმეტესობაში ქალებს უხდიან ნაკლებს ვიდრე კაცებს, რომლებიც მსგავს სამუშაოს ასრულებენ. ქალების ხელფასი, საშუალოდ, კაცთა ხელფასის 70-90 პროცენტია.” ევროკომისიის 2014 წლის მონაცემების მიხედვით კი, ევროკავშირის ქვეყნებში ქალთა ანაზღაურება მამაკაცებთან შედარებით, საშუალოდ, 16.4%-ით ნაკლებია. უნდა ითქვას, რომ საქართველოშიც ამ მხდივ მნიშვნელოვან დისბალანსს განიცდის.
პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც დასაქმების ადგილას გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით შეიქმნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #100 კონვენციაა. ამ კონვენციას მოგვიანებით საქართველოც მიუერთდა, რითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება უზრუნველეყო თანაბარი ღირებულების სამუშაოსათვის ქალისა და მამაკაცის თანაბარი ანაზღაურება. მიუხედავად ამისა, დღემდე საქართველოს შრომის კოდექსი და არც რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტი არ ადგენს თანაბარი შრომისათვის ქალისა და მამაკაცის თანაბარი ანაზღაურების პრინციპს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 864.4 ლარს შეადგენს. იგივე პერიოდისათვის დაქირავებით დასაქმებული კაცის საშუალო ხელფასი 1051.4 ლარია, ხოლო ქალის _ 640.2 ლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში კაცები გამოიმუშავებენ საშუალოდ 411.2 ლარით, ანუ 39%-ით მეტს ვიდრე ქალები.
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის “გენდერული დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე საქართველოში” მიხედვით, ქალებთან შედარებით, მამაკაცები უპირატეს მდგომარეობაში არიან ჩაყენებული არა მხოლოდ ანაზღაურების, არამედ სხვა სამსახურებრივი სარგებლის მიღების კუთხითაც. კვლევამ აჩვენა, რომ კაცები თითქმის 2-ჯერ უფრო ხშირად იღებენ ბონუსს, ვიდრე ქალები. კერძოდ, გამოკითხული დასაქმებული მამაკაცების 66%-ს მიუღია ბონუსი, ქალების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 34%-ა.
კვლევამ მნიშვნელოვანი სხავობა აჩვენა პრემიების მიღების კუთხითაც: მამაკაცების 60%-ს მიუღია პრემია, ქალების შემთხვევაში კი _ მხოლოდ 40%-ს. საინტერესოა, რომ დასაქმების ადგილებში მამაკაცებს უპირატესობა ენიჭებათ ჯანმრთელობის დაზღვევის კუთხითაც _ აღმოჩნდა, რომ მამაკაცების 67% და ქალების მხოლოდ 33% სარგებლობს სამსახურის მიერ უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.
ზემოთ აღნიშნული მონაცმები გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ საქართველოში სამუშაო ადგილებზე არ არსებობს გენდერულად დაბალანსებული და სამართლიანი გარემო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანაბარი შრომისათვის ქალისა და კაცის თანაბარი ანაზღაურების საკითხის საკანონმდებლო დონეზე რეგულირების აუცილებლობას.