კონსტიტუციის 42-ე მუხლი ეხმიანება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. ორგანიზაცია დადებითად აფასებს კანონპროექტებს და აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები თანხვედრაში მოდის კონსტიტუციის 42-ე მუხლის პოზიციასთან. შრომის კოდექსთან დაკავშირებით ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ რეკომენდაციაში, რომელიც საქართველოს პარლამენტშს განსახილველად 2015 წლის გაზაფხულზე წარედგინა, საფუძვლიანად იყო განხილული მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი და შეთავაზებული იყო სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განხილვისას მტკიცების ტვირთის დამსაქმებელზე გადატანის შესაძლებლობა.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სავარაუდო დისკრიმინაციის საქმის განხილვისას კიდევ უფრო ძლიერდება საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება. კანონის არსებული რედაქციით, კერძო პირთან დავის შემთვევაში სახალხო დამცველს შეზღუდული ჰქონდა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ქმედითი ნაბიჯების განხორციელების შესაძლებლობა. ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში კი, კერძო სუბიექტები, ისევე როგორც საჯარო დაწესებულებები ვალდებული ხდებიან მოთხოვნის შემთხვევაში სახალხო დამცველს მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტის გარშემო. უფრო მეტიც, ინფორმაციის წარუდგენლობის შემთვევაში სახალხო დამცველს ეძლევა უფლებამოსილება ავტომატურად დააკმაყოფილოს დისკრიმინაციის შესახებ განცხადება/საჩივარი, თუკი მასში აღწერილი გარემოებები ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის შესახებ და თუკი განცხადება/საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას. ეს იმას ნიშნავს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის არარსებობის მტკიცების ტვირთი გადადის დისკრიმინაციის სავარაუდო განმახორციელებელზე.
მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპი ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით განიმარტა, რომელმაც ტვირთის განაწილება ადამიანის უფლებათა დარღვევათა საჩივრების დასაბუთებასთან მიმართებით დააწესა. როგორც კი მოსარჩელე წამოწევს ფაქტებს, რომელთაც დისკრიმინაციის საფუძვლად მიიჩნევს, მტკიცების ტვირთი გადადის ქმედების ჩამდენზე. მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადასვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არაპირდაპირი დისკრიმინაციის საჩივრებთან მიმართებაში, როდესაც აუცილებელია იმის დამტკიცება, რომ კონკრეტული წესი ან პრაქტიკა არაპროპორციულ ზეგავლენას ახდენს რომელიმე ჯგუფზე.
ვინაიდან დისკრიმინაციული ქმედება თავისი არსით რთულად სამტკიცებელია, ის თავისთავად მსხვერპლს დამრღვევთან მიმართებით არათანაბარ მდგომაროებაში აყენებს. იმისათვის, რათა დაცულ იქნას სამართლიანობის პრინციპი მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობა იზიარებდეს საერთაშორისო მიდგომას და მტკიცების ტვირთის განაწილებისას ითვალისწინებდეს სავარაუდო მსხვერპლის მდგომარეობას, რომელსაც შესაძლოა არ მიუწვდებოდეს ხელი ყველა იმ ინფორმაციასა თუ მასალაზე, რაც დაადასტურებდა მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს.
ამას გარდა, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით სახალხო დამცველს ენიჭება დამატებითი ბერკეტი რათა გააკონტროლოს დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებით თავისი რეკომენდაციის შესრულების საკითხი, რაც უმნიშვნელოვანესი პროცესია დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შემდეგ. ცვლილებების მიხედვით, ყველა საჯარო დაწესებულება, ისევე როგორც ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, სახლახო დამცველის რეკომენდაციის მიღებიდან 20 დღის ვადაში განიხილოს ის და განხილვის შედეგების შესახებ წერილობით აცნობოს სახალხო დამცველს. 42-ე მუხლის შეფასებით, მართალია, აღნიშნული წარმოადგენს დამატებით ბერკეტს სახალხო დამცველისათვის, რათა თვალი მიადევნოს თავისი რეკომენდაციის გათვალისწინების საკითხს, თუმცა მაინც არ წარმოადგენს დისკრიმინაციულ ქმედებაზე თანაზომიერი რეაგირების მოხდენის საშუალებას, რაც დაუსჯელობის პრაქტიკის განვითარებას ემსახურება და დისკრიმინაციული ფაქტების იდენტიფიცირებასა და პრევენციას უშლის ხელს. მიგვაჩნია, რომ დისკრიმინაციის შესახებ რეკომენდაციის სავალდებულო ხასიათი უფორ ადექვატური ნაბიჯი იქნება მსგავსი ქმედებების პრევენციისა და აღმოფხვრისათვის. ამასთან, მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობით ცალკე გაიწეროს ცალკეული დისკრიმინაციული ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების საკითხი.
კონსტიტუციის 42-ე მუხლი ერთიანობაში დადებითად აფასებს კანონმდებლის ინიციატივას დახვეწოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და იმედს გამოთქვამს, რომ ინიცირებული ცვლილებების ტალღა, მხოლოდ წარმოდგენილი კანონპროექტებით არ შემოიფარგლება და კანონმდებელი მომავალშიც გაარძელებს ზრუნვას დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ინსტრუმენტების გაძლიერებაზე.