• გამოქვეყნების თარიღი:
    07-08-2015

სექსუალური შევიწროება სქესის ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ფორმაა, რამაც შესაძლოა მსხვერპლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს. ამგვარი შევიწროების შესახებ, მრავალი ფაქტორის გამო, მსხვეპლს ხშირად ერიდება განცხადება, რაც ართულებს პრობლემის გამოვლენას და შესაბამისი რეაგირების მოხდენას.

საერთაშორისო საზოგადოება დასაქმების ადგილას სექსუალურ შევიწროებას ორ ძირითად კატეგორიად ყოფს: ე.წ. მომსახურება მომსხურების სანაცვლოდ _ როდესაც ხელფასის ზრდა, დაწინაურება, ან თუნდაც სამუშაოს გაგრძელება პირდაპირ დამოკიდებულია სექსუალური ხასიათის რაიმე შეთავაზების შესახებ მსხვერპლის თანხმობაზე. მეორე შემთხვევაში, შევიწროება მტრული სამუშაო გარემოს შექმნაში გამოიხატება, როდესაც მსხვეპლისთვის იქმნება არასასურველი და აუტანელი სამუშაო გარემო, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს სექსუალური ხასიათის მრავალ ფორმას, მაგალითად, როგორიც არის სექსუალური ხასიათის, დამამცირებელი კომენტარები, მინიშნებები, სექსუალური ქვეტექსტის მასალის ტირაჟირება.

მნიშვნელოვანია, ის გარემოება, რომ შევიწროების ამ ფორმის მიზანს, აუცილებლად სექსუალური მომსახურების მიღება არ წარმოადგენს.
სექსუალური შევიწროება შეიძლება გამოიხატოს ფიზიკური (ძალადობა, არასასურველი შეხება, მუქარა), სიტყვიერი (კომენტარები გარეგნობაზე, სექსუალური ხასიათის კომენტარები, შეურაცხყოფა დასაქმებულის სქესის ნიშნით) ან თუნდაც არასიტყვიერი ქცევით (სექსუალურად გამოხატული მასალის განთავსება, ტირაჟირება, სექსუალური ხასიათის ჟესტიკულაცია, სტვენა).

საქართველოში ძალიან ცოტა, ან თითქმის არავინ საუბრობს სამსახურში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით შევიწროების შესახებ ოფიციალური მონაცემების არქონა, სულაც არ ადასტურებს პრობლემის არარსებობას. პირიქით, ეს იმის მანიშნებელია, რომ პრობლემა შეფარულია და სხვადასხვა ფაქტორის გამო მისი გამოვლენა გართულებულია, მაგალითად: მსხვერპლს ეშინია სამსახურის დაკარგვის, ოჯახის წევრებისგან ან საზოგადოებისგან გაკიცხვის, არ აქვს ეფექტური სამართლებრივი დაცვის გარანტიები და სხვ.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის “გენდერული დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე საქართველოში” მიხედვით, გამოკითხული დასაქმებულების მხოლოდ 3%-მა დაადასტურა, რომ ის ერთხელ მაინც გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერბლი დასაქმების ადგილას. გამოკითხულთა 2%-მა კი აღნიშნა, რომ შევიწროების ობიექტი უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში იყო. მიუხედავად ამისა, სექსუალური შევიწროების სხვადასხვა ფორმის შემცველ კითხვებზე პასუხის გაცემისას აღმოჩნდა, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით მეტია. კერძოდ, რესპონდენტ ქალთა 38%-ის განცხადებით, ისინი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარან სამსახურში არასასურველი შემთხვევის მსხვეპლი. მამაკაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ია. ვინაიდან გამოკითხულთა უმეტესობას უჭირს ამგვარ კითხვაზე გულახდილი პასუხის გაცემა, ეს მონაცემი მხოლოდ საილუსტრაციოდ თუ გამოდგება, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პრობლემის უფრო სიღრმისეული ანალიზის აუცილბლობას.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, კერძოდ, აღმოჩნდა, რომ დასაქმებულ ქალებს უფრო ადვილად შეუძლიათ გასცენ პასუხი სამსახურში სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ შეკითვებს, ვიდრე მამაკაცებს. ამ უკანასკნელთ ხშირად უჭირთ ამგვარი სიტუაციის წარმოდგენა და საკუთარი თავის მსხვერბლად წარმოდგენა. ეს შედეგი ხაზს უსვამს, რომ ქალები მიეკუთხვნებიან მოწყვლად ჯგუფს სექსუალური შევიწროებისას. თუმცა, აღნიშნული ფაქტი იმას არ ნიშნავს, რომ დასაქმებული მამაკაცები დაცულნი არიან სექსის ნიშნით დისკრიმინაციისაგან. მნიშვნელოვანია, რომ კლევის მიხედვით, არც ერთ მსხვერპლს მიუმართავს არც პოლიციისთვის და არც ფსიქოლოგისთვის.

საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია პრობლემაზე ხმამაღალი საუბარი და საკანონმდებლო დონეზე დაცვის ეფექტური ინსტუმენტების შექმნა, რათც ყველა სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტის გამოვლენისას, მსხვეპლს ჰქონდეს თავის დაცვის რელური საშუალება და არ უწევდეს პრობლემის დამალვა, ან მასთან დამოუკიდებლად გამკლავება.