კაცისა და ქალის თანასწორობა სამუშაო ადგილზე მთელს მსოფლიოში საყოველთაოდაა აღიარებული და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. აღნიშნული პრინციპის პრაქტიკაში გატარება და დანერგვა შრომის ინსპექციის საქმიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს.
შრომის ინსპექცია დამოუკიდებელი ორგანოა და მასზე ზეგავლენის მოხდენა ეკრძალება, როგორც დამსაქმებლს ისე დასაქმებულს. ეს არის ეფექტიანი მექანიზმი, რომელსაც შეუძლია დიდი როლი ითამაშოს ქალისა და კაცის უფლებების თანაბრად დაცვის უზრუნველყოფაში დასაქმების ადგილისა და სფეროს მიუხედავად (გვ. 9).
აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექცია, საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის უმრავლეს ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს და ახორციელებს რეალურ მონიტორინგს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, ამ კუთხით დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი აქვს სანქცირების მექანიზმი (გვ. 35). ხშირად გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია სამუშაო ადგილზე ვლინდება ქალისა და კაცის თანაბარი შრომისთვის არათანაბარი ანაზღაურების საკითხში, რომლის შესწავლა, იდენტიფიცირება და მასზე რეაგირება ასევე წარმოადგენს შრომის ინსპექციის უფლებამოსილებას (გვ.36).
ევროპის ბევრ ქვეყანაში შრომის სათანადო პირობების კონტროლის უფლებამოსილება შრომის ინსპექციის მოვალეობასაც წარმოადგენს. როგორც წესი, შრომის ინსპექცია დაქვემდებარებულია სოციალურ საკითხთა სამინისტროს და აღჭურვილია სამუშაო ადგილის შემოწმების უფლებამოსილებით. ესპანეთში 2007 წლის თანასწორობის აქტის (გვ.2) საფუძველზე შრომის ინსპექციას მიეცა უფლება გამოერკვია დისკრიმინაციის საკითხები სამუშაო ადგილებზე, გარდა ამისა, უკრაინაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით შრომის ინსპექციამ განავითარა სემინარების პროგრამა სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ(გვ. 76).
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1947 წლის 81-ე რეკომენდაციით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ეფექტიანი შრომის ინსპექცია მიმართულია კანონების აღსრულებისა და დასაქმებულთა შრომითი პირობების დაცვისკენ.
საქართველოში მოქმედი შრომის ინსპექცია ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვარს No 19-ე დადგენილებაში, „შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ სხვა ხარვეზებთან ერთად არ არის ასახული შრომის საერთაშორისო ორგანოს ისეთი ფუნდამენტური პრინციპი, როგორიცაა შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა. რაც შეეხება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის 2015 წლის 6 იანვარის დებულებასა და 2015 წლის 21 აპრილს მასში განხორციელებულ ცვლილებებს, მისი მე-7 პუნქტი მიუთითბს, რომ დისკრიმინაციული შემთხვევებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლა, აღრიცხვა და რეკომენდაციების შემუშავება შრომის ინსპექციის მიერ მას შემდეგ მოხდება, რაც კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება. ამრიგად აღნიშნული დებულება დისკრიმინაციის ფაქტების გამოკვლევის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ქმედითი და ეფექტიანი, იქიდან გამომდინარე რომ დღესდღეობით შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში ჯერ კიდევ არ განხორციელებულა.
შესაბამისად, შრომის ინსპექციის ამ ფორმით არსებობა ბადებს კითხვებს თუ რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამ მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება, განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, შეექმნა დამოუკიდებელი, ობიექტური და სანქცირების უფლების მქონე შრომის ინსპექცია (30-ე დანართი).