• გამოქვეყნების თარიღი:
    25-02-2016

 

ორმაგი სტანდარტი,  ეს არის პრინციპების ერთობლიობა რომელსაც ადამიანთა ერთი ჯგუფის მიმართ გააჩნია უფრო მკაცრი და არასახარბიელო მიდგომა ვიდრე სხვა ჯგუფების მიმართ.

საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში ჯერ კიდევ არსებობს ორმაგი სტანდარტის პრობლემა და კერძო სექტორში დასაქმებული ქალები    ყოველდღიურად აწყდებიან ორმაგი სტანდარტის უსამართლობას. ‘’საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის 111-ე მუხლის მიხედვით მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან  სამ წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდის პერიოდში შემდეგი მიზეზის გამო:

  • შტატების შემცირება
  • ხანგრძლივი შრომისუუნარობა
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • ატესტაციის შედეგები.

თუმცა, აქვე  უნდა აღინისნოს, რომ მსგავს ნორმას არ ითვალისწინებს საქართველოს შრომის კოდექსი. შესაბამისად ჩნდება კითხვა, თუ რამდენად სამართლიანია ზემოხსენებული პროვილეგიის ხოლოდ საჯარო სამსახურში მომუშავე ქალებზე გავრცელება?

კერძო სექტორში მომუშავე ქალები დეკრეტული შვებულების პერიოდში  სახელმწიფოსგან  1000 ლარამდე დახმარებას იღებენ, მაშინ როდესაც, საჯარო სამსახურში დასაქმებულ ქალებს  დეკრეტული შვებულების პერიოდში, სახელმწიფოს ზემოხსენებულ დახმარებასთან ერთად, მათ მიერ შვებულების პერიოდში მისაღები ხელფასის  სხვაობის შესავსებად, დამატებით ეძლევათ კომპენსაცია. კერძო სექტორში მომუშავე ქალები ამ მხრივ არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებიან, იმდენად რამდენადაც ისინი მხოლოდ 1000 ლარამდე დახმარებას ღებულობენ,  ხოლო რაც შეეხება შვებულების დროს ასაღებ თანხას, ამ შემთხვევაში აღნიშნული დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი უარს იტყვის კომპენსაციის გაცემაზე, დასაქმებული მთელი დეკრეტული შვებულების განმავლობაში მხოლოდ 1000 ლარამდე დახმარების  ანაბარა რჩება.

უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო მოხელე და კერძო სექტორში დასაქმებული ქალები თანაბრად იხდიან გადასახადებს (საშემოსავლო გადასახადი –20%) და იცავენ კანონს, თუმცა მათ მიერ სახელმწიფო ხაზინაში თანაბრად შეტანილი თანხა შემდგომში მათზე უკვე არათანაბრად ნაწილდება.

კვლევის ‘’გენდერული დისკრიმინაცია  შრომის ბაზარზე საქართველოში“  ფარგლებში საქართველოს რეგიონების მასშტაბით  1361 დასაქმებული გამოიკითხა. აღნიშნულის  მიხედვით, საქართველოს შრომის ბაზარზე  დასაქმებულების 53.33% კერძო სექტორშია დასაქმებული. საჯარო სექტორში კი დასაქმებულთა რიცხოვნობა 40.6%-ია. კვლევის შედეგების მიხედვით, ქალების 64% მიუთითებს, რომ მიუხედავად მათი სურვილისა ესარგებლათ დეკრეტული შვებულებით, მათ ვერ შეძლეს დეკრეტული შვებულების კანონით დადგენილი ხანგრძლივობით სარგებლობა. გამოკითხულა 67% კი მიიჩნევს რომ სამსახურიდან სწორედ დეკრეტული შვებულების გამო დაითხოვეს.  გამოკითხულთა 94% სამსახურს საკუთარი ნებით ტოვებს.  ხსენებული მონაცემი ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოში დასაქმებული ქალები პრაქტიკაში სრულად ვერ სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით.