19 ნოემბერს, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გლობალური გენდერული უთანასწორობის შესახებ 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მსგავსი ანგარიში პირველად 2006 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ყოველწლიური ხასიათი შეიძინა. წლევანდელ ანგარიშში შეჯამებულია უკანასკნელი 10 წელი, თუ რა ნაბიჯები გადადგეს ქვეყნებმა გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად. ანგარიშში მსოფლიოს 145 ქვეყნის კვლევაა წარმოდგენილი სხვადასხვა ასპექტებით: ქალებსა და კაცებს თანაბარი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ეკონომიკურ და პოლიტიკურ აქტივობაზე. მონაცემების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ გენდერული თანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა კვლავ ქალისა და კაცის თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების საკითხია. ანგარიშის თანახმად ქალები 2015 წელსაც იმდენს გამოიმუშავებნ, რამდენსაც კაცები ჯერ კიდევ 10 წლის წინ. ქალისა და კაცის ეკონომუკური მდგომარეობა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მოხლო 3%-ით მიუახლოვდა ერთმანეთს, იგივე ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, მსოფლიოს სულ მცირე 118 წელი დასჭირდება ამ საკითხში გენდერული უთანასწორობის სრულად აღმოსაფხვრელად.
ანგარიშში შესაძლებელია თითოეული ქვეყნების მონაცემების ნახვა და შეფასება 2006 წლიდან დღემდე.
გენდერული თანასწორობის ანგარიშის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 145 ქვეყანიდან 82-ე ადგილზეა. საქართველოზე უკეთესი მდგომარეობა აქვს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ჩეხეთი, ხოლო უარესი - სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს.
ანგარიშის თანახმად, საქართველოში ჯანდაცვისა და განათლების სფეროში გენდერული ბალანსი დაცულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას, მიუხედავად თავისი გენდერული ნიშნისა, თანაბრად მიუწვდება ხელი ჯანდაცვისა და განათლების რესურსებზე. თუმცა, მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ეკონომიკური აქტივობის, ანაზღაურებისა და პოლიტიკაში ჩართულობის კუთხით. ამ სფეროებში გენდერული დისბალანსი საკმაოდ თვალშისაცემია.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად განათლების თანაბარი დონისა, რიგ შემთხვევებში ქალების უფრო მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია აქვთ (სტატისტიკურად უფრო მეტი ქალი (54%) ფლობს დოქტორის ხარისხს, ვიდრე - კაცი(46%), ქალების ეკონომიკური და პოლიტიკური აქტივობა უფრო დაბალია. მათ აქვთ ნაკლები ანაზღაურება, ნაკლებად არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იშვიათან იკავებენ მენეჯერულ პოზიციებს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით:
საქართველოში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის კუთხით მდგომარეობა არ შეცვლილა, თუმცა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით, რომლებიც ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პროგრესის ერთგვარ საზომად შეიძლება გამოვიყენოთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უმნიშვნელოდ, მაგრამ დინამიურად აუმჯობესებს თავის მდგომარეობას ქალებისა და კაცების ეკონომიკური ჩართულობის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით. 2006 წლიდან მოყოლებული ყველაზე ნაკლები პროგრესი ქალების პოლიტიკური ჩართულობის მიმართულებით განხორციელდა.